ოცდაათი წლის ქალი
I
პირველი შეცდომები
ვუძღვნი ლუი ბულანჟეს, მხატვარს
1813 წლის აპრილის დამდეგს ერთი ისეთი კვირადღე გათენდა, რომელიც პარიზელებს ჰპირდებოდა, ქუჩებზე არც ტალახი იქნება და არც ცა მოიქუფრებაო. ჯერ შუადღეც არ იყო, რომ კაბრიოლეტმა, რომელშიც ორი ფიცხი ცხენი ება, კასტილიონეს ქუჩიდან რივოლის ქუჩაზე გადმოუხვია და იმ ეკიპაჟების უკან გაჩერდა, რომლებიც ფეიანების მოედანზე ახალგაკეთებულ მესერთან იყვნენ ჩამწკრივებულნი. ამ მსუბუქ ეტლს ავადმყოფური იერისა და მწუხარე სახის კაცი მართავდა. შევერცხლილი თმა, ძლივს რომ უფარავდა ჩაყვითლებულ თავს, ნაადრევად აბერებდა. კაცმა სადავე ეტლის გამყოლ ლაქიას გადაუგდო და ქვაფენილზე გადავიდა, რათა ხელით გადმოესვა სანდომიანი სახის ქალიშვილი, რომელმაც მაშინვე მიიზიდა მოედანზე უქმად მოხეტიალეთა ყურადღება. ქალიშვილმა ეტლის კიბეზე ფეხი ჩამოდგა და თავის მეგზურს მკლავები ყელზე შემოხვია, მან კი ისე ნაზად გადაიყვანა ქვაფენილზე, რომ ოდნავადაც არ დაუჭმუჭნია ქალის მწვანე რეპსის კაბის მორთულობა. შეყვარებულსაც კი გაუჭირდებოდა ესოდენ ფაქიზი მზრუნველობის გამოჩენა. უცნობი, როგორც ჩანს, ქალიშვილის მამა იყო; ქალიშვილმა მას მადლობაც არ გადაუხადა, ხელკავი გამოსდო და აჩქარებული ნაბიჯით ბაღისკენ წაიყვანა. ხანში შესულმა მამამ შეამჩნია, რაოდენ აღტაცებული თვალებით შესცქეროდნენ ქალს ახალგაზრდა მამაკაცები და სახე წამიერად გაუნათდა. გაეღიმა კიდეც, თუმცა უკვე დიდი ხანი იყო, იმ ასაკში გახლდათ, როცა ადამიანი მხოლოდ პატივმოყვარეობით მოგვრილ მოჩვენებით სიხარულს უნდა დასჯერდეს.
- ხალხს ჩემი ცოლი ჰგონიხარ, - ყურში ჩასჩურჩულა ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა, წელში გასწორდა და ნაბიჯი შეანელა. ქალიშვილს ეს ესიამოვნა.
კაცს ეტყობოდა, თავს იწონებდა გოგონათი და უთუოდ, მასზე მეტად უხაროდა, ცნობისმოყვარე მამაკაცები თვალს რომ არ აშორებდნენ წაბლისფერი ქსოვილის ფეხსაცმელებით შემოსილ მის პაწია ფეხებს, ლამაზ კაბაში გამოწყობილ ლერწამივით ტანსა და მოქარგული საყელოთი ნახევრად დაფარულ ქათქათა ყელს. სწრაფი სიარულისას ქალს დროდადრო კაბა მაღლა ეწეოდა და მის ქვეშ გამჭვირვალე აბრეშუმის წინდაში ჩამოსხმული ფეხის მოყვანილობას აჩენდა. რამდენიმე გამვლელმა განზრახ წინ გადაუსწრო კიდეც წყვილს, რომ ერთხელ კიდევ დამტკბარიყო წაბლისფერი კულულებით შემოვლებული ქალიშვილის სახით. მის სითეთრეს ხაზს უსვამდა ვარდისფერი აბრეშუმისგან შეკერილი კაპიუშონი, ხოლო ხიბლს ყოველ ნაკვთში დაფარული გზნება მატებდა. უწყინარი სიანცე გამოსჭვიოდა მშვენიერი ნუშისებრი შავი თვალებიდან, რომლებსაც ლამაზად მორკალული წარბები და გრძელი წამწამები ამშვენებდა. სიცოცხლე და სინორჩე იფრქვეოდა ამ თავნება გოგონას სახიდანაც და მოხდენილი სხეულიდანაც, რასაც მაშინდელი მოდის შესაბამისად მკერდქვეშ შემოჭერილი ქამარიც ვერ ჩქმალავდა. ქალიშვილი ყურადღებას არ აქცევდა მისკენ აღტაცებით მაცქერალთ და ერთგვარი შეშფოთებით გაჰყურებდა ტიუილრის სასახლეს, საითაც აშკარად მიიჩქაროდა. თორმეტს თხუთმეტი უკლდა. ადრიანი დროის მიუხედავად, ბევრი ქალბატონი, რომლებსაც საკუთარი სამოსით თავის გამოჩენა სურდათ, უკვე სასახლიდან ბრუნდებოდნენ, თან, წარამარა უკმაყოფილოდ უკან იხედებოდნენ, თითქოს გული სწყდებოდათ, რომ დაიგვიანეს სანახაობაზე, რომლით დატკბობაც ასე ეწადათ. ახალგაზრდა ქალი განსაკუთრებით ააღელვა გამოპრანჭული მანდილოსნების ნასროლმა რამდენიმე შენიშვნამ. მისი მოხუცი მამა გაფაციცებით აკვირდებოდა მოუთმენლობისა და შფოთვის ცვალებადობას შვილის მშვენიერ სახეზე, რაც ძალზე თვალში საცემი იყო და მამობრივი მზრუნველობის აშკარა ნიშანს წარმოადგენდა.
იდგა 1813 წლის მეცამეტე კვირადღე. მეორე დღეს ნაპოლეონი იმ საბედისწერო ლაშქრობაში მიდიოდა, რომლის დროსაც ერთიმეორის მიყოლებით დაკარგა ბესიერი და დიუროკი, მოიგო ღირსსახსოვარი ბრძოლები ლუცენთან და ბაუცენთან, იწვნია ავსტრიის, საქსონიის, ბავარიისა და ბერნადოტის ღალატი და გააფთრებით იცავდა თავს ლაიფციგთან ბრძოლისას. თავად იმპერატორის სარდლობით დაგეგმილი ეს ბრწყინვალე აღლუმი უკანასკნელი უნდა ყოფილიყო იმ აღლუმებს შორის, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იწვევდა როგორც პარიზელთა, ისე უცხოტომელთა აღტაცებას. ძველი გვარდია უკანასკნელად გამოდიოდა იმ ოსტატური მანევრების შესასრულებლად, რომელთა დახვეწილობა და სიზუსტე ზოგჯერ თვით იმ გოლიათსაც აოცებდა, ვინც ცოტა ხანში ევროპასთან შერკინებას აპირებდა. მორთულ-მოკაზმულ და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილ ადამიანებს ტიუილრიში სევდიანმა გრძნობამ მოუყარა თავი. თითქოს ყოველი მათგანი ჭვრეტდა მომავალს და შესაძლოა, იმასაც გრძნობდა, რომ კვლავაც ხშირად დაინახავდა გონების თვალით ამ სურათს, როცა საფრანგეთის გამარჯვებათა ხანა ლამის ლეგენდად მოგვეჩვენებოდა, როგორც ახლაა.
- ფეხს აუჩქარეთ, მამიკო, - ეუბნებოდა ახალგაზრდა ქალი და მკვირცხლად მიაქანებდა მოხუცს. - უკვე დოლების ხმა ისმის.
- ჯარი მხოლოდ ახლა შედის ტიუილრიში, - მიუგო მამამ.
- ან იქნებ უკვე გაიარა საზეიმო მარშით?! ყველა უკან ბრუნდება! - თქვა ქალმა ნაწყენი ბავშვის კილოთი, რამაც მამამისს ღიმილი მოჰგვარა.
- აღლუმი მხოლოდ პირველის ნახევარზე იწყება, - შენიშნა კაცმა, რომელიც ძლივს ეწეოდა თავის დაუდგრომელ შვილს.
რომ დაგენახათ, როგორ იქნევდა ქალიშვილი მარჯვენა ხელს, იტყოდით, ამით სირბილს იოლებსო. პატარა ხელთათმნიანი ხელი, რომელიც მოუთმენლად ჭმუჭნიდა ცხვირსახოცს, იმ ნიჩაბს წააგავდა, რომლითაც